Eleos

Contents

თავი - 49

Previous
1მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
2თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!
3რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
4ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
5სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
6მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.
7წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
8იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
9ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
10არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
11ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
12თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
13ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
14ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
15ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
16დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
17გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
18შენგან მოველი ხსნას, უფალო!
19გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
20აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
21ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
22ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
24შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
25მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
26მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
27ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.
28ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.
29უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
30მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
31იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.
32ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.
33გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
Next