Eleos

Contents

თავი - 48

Previous
1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს, ავად არისო მამაშენი. თან წაიყვანა თავისი ორი შვილი - მენაშე და ეფრემი.
2შეატყობინეს იაკობს და უთხრეს: აჰა, მოდის შენთან შენი შვილი იოსები. ძალი მოიცა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
3უთხრა იაკობმა იოსებს: ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში, და მაკურთხა.
4მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელოდ.
5ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
6ხოლო ბავშვები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან, თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში.
7ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული, და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია.
8დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან?
9უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.
10თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა.
11უთხრა ისრაელმა იოსებს: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.
12აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა.
13ხელი მოჰკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან.
14გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
15აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე,
16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
17დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა; დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.
18უთხრა იოსებმა მამას: ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, მის თავს დაადე შენი მარჯვენა.
19იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა.
20აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
21უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე.
22შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.
Next