Eleos

Contents

თავი - 47

Previous
1მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ-ძროხითა და მთელ საბადებლითურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიან.
2ძმების მხრიდან ხუთი კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს.
3უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ. უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ.
4უთხრეს ფარაონს: მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში რადგან აღარ გვქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენ მორჩილთ; მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში.
5უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა და ძმები მოგივიდნენ.
6შენს წინაშეა ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმები; დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარქლებად ჩემს საქონელს.
7მოიყვანა იოსებმა თავისი მამა, იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი.
8უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ?
9უთხრა იაკობმა ფარაონს: ას ოცდაათ წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი; მცირეა, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ.
10დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან.
11დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები.
12ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.
13პური არ იყო მთელს ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად; მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან.
14მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს.
15გამოილია ევრცხლი ეგვიპტეში და ქანაანში, და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისთვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ?
16უთხრა იოსებმა: მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ.
17მიჰყავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში; ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად.
18მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლიცა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად; არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბაგონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა.
19რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს ჩვენცა და ჩვენი ყანებიც. მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ ამოვწყდეთ, და მიწაც არ გაუკაცრიელდეს.
20შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი ყანები გაუსაძლისი შიმშილის გამო. ასე დაეუფლა მიწას ფარაონი.
21გადაჰყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.
22მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან ჰქონდათ ნაკვეთები, და თავს ირჩენდნენ ამ ნაკვეთებით, ფარაონმა რომ მისცა. ამიტომაც არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა.
23უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა, ნაყიდი მყავხართ ახლა ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწებიც. აჰა, თესლი და დათესეთ პური.
24მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო ოთხი წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენთვის, თქვენს სახლში მყოფთათვის და თქვენი წვრილშვილისთვის.
25უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე! გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს.
26ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწებზე: მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს.
27დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში, ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავლდნენ.
28იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; ხოლო ხანი მისი სიცოცხლისა იყო ასორმოცდაშვიდი წელი.
29დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს, იოსებს, და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში.
30რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე, წამიღე ეგვიპტიდან და დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა: შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.
31უთხრა იაკობმა: შემომფიცე. მანაც შეჰფიცა. და სასთუმალზე მიდო თავი ისრაელმა.
Next