Eleos

Contents

თავი - 45

Previous
1ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.
2იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს.
3უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი.
4უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.
5ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.
6რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.
7გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი.
8თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
9საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო.
10იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი.
11აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ.
12აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ.
13მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი.
14ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე.
15სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები.
16მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. ეამა ფარაონს და მის მორჩილთ.
17უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით: დატვირთეთ ოთხფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში.
18წამოიყვანეთ მამათქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით; მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი.
19შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად: ასე გააკეთეთ-თქო: წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით.
20თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში.
21ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი.
22თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.
23მამას გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ჭაკი ვირი, ხორბლით, პურითა და სასმელ-საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად.
24გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე.
25წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან.
26ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელიაო. გაოგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი.
27მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ; დაინახა ურმებიც, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის, სული.
28თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ.
Next