თავი - 44
Previous1უბრძანა იოსებმა თავის სახლის მოურავს და უთხრა: აუვსეთ ამ კაცებს ტომრები პურით, რამდენის ზიდვასაც შეძლებენ, და თითოეულს ტომრის პირზე დაუდევით თავისი ვერცხლი.
2ხოლო ჩემი თასი, ვერცხლის თასი, უმცროსს ჩაუდევით ტომარაში მის ვერცხლთან ერთად როგორც იოსებმა უთხრა, ისე გააკეთა კაცმა.
3გათენებისას გაისტუმრეს ეს კაცები თავისი სახედრებით.
4ის იყო ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ, რომ უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: წადი და დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: ბოროტებით რატომ გადაუხადეთ სიკეთე?
5ამით არის, რომ სვამს ჩემი ბატონი; ამით არის, რომ მარჩიელობს. ცუდი საქმე გიქნიათ.
6მიეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.
7მიუგეს: რად ამბობს ბატონი ასეთ სიტყვებს? ღმერთმა დაიფაროს შენი მორჩილნი ამგვარი საქმისაგან.
8ხომ უკან დავაბრუნეთ ქანაანის ქვეყნიდან ვერცხლი, ჩვენს ტომრებში რომ ვიპოვეთ? ახლა როგორღა მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს ან ოქროს?
9შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს.
10უთხრა: ეგრე იყოს, როგორც თქვენ ამბობთ. ვისაც აღმოაჩნდება, თასი, მონად გამიხდეს; დანარჩენი უდანაშაულო იქნებით.
11საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.
12მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
13შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ.
14მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში - ჯერ კიდევ შინ იყო იგი - და პირქვე დაემხნენ მის წინაშე.
15უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?
16მიუგო იუდამ: რა ვუთხრათ ჩვენს ბატონს, რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმა უპოვა ბრალი შენს მორჩილთ. აჰა, მონები ვართ ჩვენი ბატონისა, ჩვენც და ისიც, ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი.
17უთხრა იოსებმა: ვერა, ვერ ვიზამ ასე. ვის ხელშიც აღმოჩნდა თასი, ის გამიხდეს მონად, დანარჩენები მშვიდობით დაბრუნდით მამათქვენთან.
18ახლოს მივიდა იუდა და უთხრა: გევედრები, ჩემო ბატონო, სიტყვა ათქმევინე შენს მორჩილს, ნუ განურისხდები შენს მორჩილს, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.
19ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მორჩილთ, მამა ან ძმა თუ გყავთო.
20ჩვენც ვუთხარით ჩვენს ბატონს: მოხუცებული მამა გვყავს და პატარა ბავშვი, მის სიბერეში შობილი; ძმა მოუკვდა და ისღა დარჩა მისი დედისგან, ამიტომაც უყვარს იგი მამამისს.
21გვითხარი შენს მორჩილთ: ჩამომიყვანეთ, ჩემი თვალით ვნახოო.
22მივუგეთ ჩვენს ბატონს: ვერ მიატოვებს ყმაწვილი მამას, მიატოვებს და კიდეც მოკვდება მამამისი.
23გვითხარი შენს მორჩილთ: თუ არ ჩამოგიყვანიათ თქვენი უმცროსი ძმა, თვალით აღარ დამენახოთო.
24როცა მივედით მამაჩემთან, შენს მორჩილთან, შევატყობინეთ ჩვენი ბატონის ნათქვამი.
25გვითხრა მამაჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური.
26ვუთხარით: ვერ ჩავალთ. უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ. რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება.
27გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა.
28ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი.
29ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში.
30ახლა რომ მივუვალთ მამაჩვენს და არ მივუყვანთ ყმაწვილს, რომლის სულთანაც მისი სულია გადაფსკვნილი.
31დაინახავს, რომ არ არის ყმაწვილი და მოკვდება, და გამწარებულს ჩავიყვანთ შენი მორჩილნი მამაჩვენის, შენი მორჩილის ჭაღარას შავეთში.
32რადგან შენმა მორჩილმა ჩავიბარე ეს ყმაწვილი მამისგან და ასე ვუთხარი: თუ უკან არ მომიყვანია, მთელი ჩემი სიცოცხლე შემცოდე ვიყო-მეთქი მამაჩემის წინაშე.
33ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს.
34როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს!
Next