Eleos

Contents

თავი - 43

Previous
1მძიმე გახდა შიმშილი ქვეყანაზე.
2როცა შეჭამეს მთელი პური, ეგვიპტიდან რომ ჰქონდათ ამოტანილი, მამამ უთხრა მათ: გაბრუნდით, კიდევ გვიყიდეთ მცირედი საზრდო.
3უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან იქნებაო.
4თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.
5თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.
6უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?
7უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?
8უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.
9მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე.
10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულები.
11უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.
12ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.
13თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან.
14ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!
15წაიღეს კაცებმა ეს ძღვენი, ვერცხლიც ერთიორად წაიღეს, და ბენიამინიც წაიყვანეს; ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარუდგნენ იოსებს.
16დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.
17ისე მოიქცა ის კაცი, როგორც იოსებმა უბრძანა: მოუყვანა კაცმა ეს კაცები იოსებს სახლში.
18შეეშინდათ ამ კაცებს, იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვეს, იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ, მაშინ რომ ვაშკარანებში ჩაგვიდესო; თავს დაგვესხმიან, რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.
19მიადგნენ იმ კაცს, იოსების სახლის მოურავს, და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან.
20უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად.
21ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოვხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ. ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით.
22სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებში.
23უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა! ნუ გეშინიათ, თქვენმა ღმერთმა, მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ვაშკარანებში. მომივიდა თქვენი ვერცხლი. და გამოუყვანა სიმონი.
24შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა.
25მოამზადეს ძღვენი, ვიდრე იოსები მოვიდოდა შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ აქ უნდა ეჭამათ პური.
26მოვიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი საკუთარი ხელით, და მიწამდე თაყვანისცეს.
27მოიკითხა იოსებმა ისინი და უთხრა: ხომ მშვიდობით არის მოხუცი მამათქვენი, ვისზეც მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია ჯერაც?
28უთხრეს: მშვიდობით არის შენი მორჩილი მამაჩვენი, ჯერაც ცოცხალია. მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს.
29აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!
30ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.
31დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.
32მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.
33დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.
34უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.
Next