Eleos

Contents

თავი - 42

Previous
1გაიგო იაკობმა, რომ იშოვებოდა პური ეგვიპტეში და უთხრა იაკობმა თავის შვილებს: რას უყურებთ?
2უთხრა: აჰა, შევიტყვე, პური იშოვება თურმე ეგვიპტეში. ჩადით იქ და გვიყიდეთ პური, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ.
3ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში.
4ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო.
5მივიდნენ ისრაელიანები სხვა მიმსვლელებთან ერთად, რადგან შიმშილი იყო ქანაანის ქვეყანაში.
6იოსები იყო ხელისუფალი ქვეყანაში; ის იყო ამ ქვეყნის ხალხის დამპურებელი. იოსების ძმებიც მივიდნენ მასთან და მდაბლად თაყვანისცეს.
7დაინახა იოსებმა თავისი ძმები და იცნო, მაგრამ არ გაამხილა თავი და მკაცრად დაუწყო ლაპარაკი. უთხრა: საიდან მოსულხართ? მიუგეს: ქანაანის ქვეყნიდან პურის საყიდლად.
8იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
9გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.
10უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.
11ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.
12უთხრა: არა, ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედითო.
13უთხრეს: თორმეტი ძმანი ვართ შენი მორჩილნი, ერთი მამის შვილები, ქანაანის ქვეყნის მკვიდრნი. უმცროსი ახლა მამასთანაა, ერთი აღარა გვყავს.
14უთხრა იოსებმა: ასეა, როგორც გითხარით, მსტოვრები ხართ-მეთქი.
15უნდა გამოგცადოთ. ფარაონს ვფიცავ, ვერ გახვალთ აქედან, ვიდრე თქვენი უმცროსი ძმა აქ არ მოვა.
16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ.
17სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
18უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.
19თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს.
20აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ.
21უთხრეს ერთმანეთს: მართლაც დამნაშავე ვართ ჩვენს ძმასთან, რადგან ვუყურებდით მის ტანჯვას და არ შევიბრალეთ, როცა გვევედრებოდა. ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს გასაჭირი.
22მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.
23არ ეგონათ, რომ ყველაფერი ესმოდა იოსებს, რაკი თარჯიმანი იყო მათ შორის.
24შეტრიალდა იოსები და ატირდა. მერე მოუბრუნდა მათ და ელაპარაკა; გამოარჩია მათგან სიმონი და მათ თვალწინ დაადო ბორკილი.
25ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ.
26აჰკიდეს პური სახედრებს და წავიდნენ.
27ღამის გასათევში ერთ-ერთმა მათგანმა, სახედრისთვის საკვები რომ დაეყარა, მოხსნა პირი ვაშკარანს და და დაინახა თავისი ვერცხლი: ვაშკარანის პირზე დევს იგი.
28უთხრა ძმებს: დაუბრუნებიათ ჩემი ვერცხლი. აჰა, ჩემს ვაშკარანში დევს. გულზე შემოეყარათ და შიშით უთხრეს ერთმანეთს: ეს რა გვიყო ღმერთმა?
29მივიდნენ იაკობთან, თავიანთ მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს ყველაფერი, რაც შეემთხვათ. უთხრეს:
30მკაცრად გველაპარაკა იმ ქვეყნის ბატონი, მსტოვრებად მიგვიჩნია.
31ვუთხარით: პატიოსნები ვართ, მსტოვრები არა ვართ.
32თორმეტი ძმანი ვართ, ერთი მამის შვილები; ერთი აღარა გვყავს ცოცხალი; უმცროსი ახლა მამასთანაა ქანაანის ქვეყანაში.
33გვითხრა იმ კაცმა, ქვეყნის პატრონმა: ამით გავიგებ, პატიოსნები ხართ თუ არა: ერთი ძმა დამიტოვეთ, თქვენ კი აიღეთ პური თქვენიანებისთვის და წადით.
34მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა და დავიჯერებ, რომ მსტოვრები არა ხართ, რომ პატიოსანი ხალხი ხართ. მოგცემთ თქვენს ძმას და მშვიდობით გაივლით ამ ქვეყანას.
35როცა გადმოაცარიელეს თავ-თავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.
36უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: შვილები წამართვით! იოსები აღარ მყავს, სიმონი აღარ მყავს! ახლა ბენიამინი მიგყავთ. ყველაფერი მე დამატყდა თავს!
37ასე უთხრა რეუბენმა მამამისს: ჩემი ორი შვილი მომიკალი, თუ უკან არ მოგიყვანო! მე ჩამაბარე და მევე დაგიბრუნებ.
38უთხრა იაკობმა: ჩემს შვილს ვერ გაგატანთ, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა შემრჩა. რამე უბედურება შეხვდება გზაზე, სადაც მიდიხართ. გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში!
Next