თავი - 41
Previous1გავიდა ორი წელიწადი და ესიზმრა ფარაონს სიზმარი: აჰა, დგას იგი ნილოსის პირას.
2აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა და ლერწმიანში ბალახობს.
3აჰა, შვიდი სხვა ძროხა, შეუხედავი და ხორცდაყრილი, ამოჰყვება მათ ნილოსიდან და გვერდში დაუდგება იმ ძროხებს ნილოსის პირას.
4შეჭამეს შეუხედავმა და ხორცდაყრილმა ძროხებმა შვიდი კარგი შესახედავი და ხორცსავსე ძროხა - და გაეღვიძა ფარაონს.
5დაიძინა და კვლავ ესიზმრა: აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
6აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული, აღმოცენდა მათ შემდეგ.
7გადაყლაპეს ფშუტე თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი - და გაეღვიძა ფარაონს. აჰა, ეს სიზმარიც.
8დილით დაუმძიმდა სული ფარაონს და იხმო ეგვიპტის ყველა მისანი და ბრძენი, და უამბო მათ ფარაონმა თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ აუხსნა ისინი ფარაონს.
9მაშინ მიმართა მწდეთუხფცესმა ფარაონს და ასე უთხრა: ახლა მახსენდება ჩემი ცოდვები.
10ფარაონი განურისხდა თავის მორჩილთ და მიგვცა პატიმრად ქონდაქართუხუცესის სახლში, მე და მეპურეთუხუცესი.
11ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მეც და იმანაც, თითოეულმა საკუთრივ ასახსნელი სიზმარი ვნახეთ.
12ჩვენთან ერთად იყო იქ ერთი ებრაელი ყმაწვილი, ქონდაქართუხუცესის მორჩილი. ვუამბეთ მას და მანაც აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმრის მიხედვით აგვიხსნა.
13და როგორც აგვიხსნა, ისეც აგვიხდა: მე ჩემს სამსახურში დამაბრუნა ფარაონმა, ის კი ხეზე ჩამოჰკიდა.
14გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.
15უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო.
16მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას.
17უამბო ფარაონმა იოსებს: მესიზმრა, აჰა, ვდგავარ ნილოსის პირას.
18აჰა, ამოდის ნილოსიდან შვიდი ხორცსავსე და ლამაზი ძროხა და ლერწმიანში ბალახობს.
19აჰა, სხვა შვიდი ძროხა, უძლური, მეტისმეტად უგვანო და ხორცდაყრილი ამოჰყვა მათ; მთელს ეგვიპტეში მათზე უგვანი არაფერი მინახავს.
20შეჭამეს ხორცდაყრილმა და უგვანმა ძროხებმა ის შვიდი ხორცსავსე ძროხა.
21შევიდნენ მათ მუცელში, მაგრამ არ ეტყობოდათ, რომ მათ მუცელში იყვნენ შესული; ისეთივე მჭლენი დარჩნენ, როგორიც მანამდე იყვნენ. და გამეღვიძა.
22ვიხილე სიზმრად, აჰა, შვიდი თავთავი ამოდის ერთ ღეროზე, სავსე და საღი.
23აჰა, კვლავ შვიდი თავთავი, გამომშრალი, ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული აღმოცენდა მათ შემდეგ.
24ჩაყლაპეს თავთავებმა შვიდი საღი თავთავი. ვუამბე მისნებს, მაგრამ შემტყობარი არავინ იყო.
25უთხრა იოსებმა ფარაონს: ერთი და იგივეა ფარაონის სიზმრები. რის ქმნასაც ღმერთი აპირებს, თავად ამცნო ფარაონს:
26შვიდი საღი ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი და იგივე სიზმარია ეს.
27მათ შემდეგ ამოსული შვიდი მჭლე და უგვანო ძროხა შვიდი წელიწადია; შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია.
28ეს იყო, ფარაონს რომ ვუთხარი, რის ქმნასაც აპირებს ღმერთი, ფარაონს თავად ახილვინა-მეთქი.
29აჰა, მოვა შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
30მას შემდეგ დადგება შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, გაქრება ბარაქა ეგვიპტეში და შიმშილი გააჩანაგებს ქვეყანას.
31წინანდელი ბარაქის კვალიც არ დარჩება ქვეყანაზე ამ შიმშილის ხანს, რადგან მეტისმეტად მძიმე იქნება იგი.
32ორგზის რომ გაუკვლადდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს: გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას.
33ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას.
34ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის მანძილზე.
35დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ.
36იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის მანძილზე, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს.
37მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მის მორჩილს.
38უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება?
39უთხრა ფარაონმა იოსებს: რაკი გაგიმხილა ღმერთმა ეს ყველაფერი, სხვა ვინ იქნება შენსავით გონიერი და ბრძენი.
40შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.
41უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის განმგებელად!
42წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა ხელზე იოსებს; შემოსა ზეზის შესამოსელით და ოქროს ძეწკვი ჩამოჰკიდა ყელზე.
43დასვა თავის მეორე ეტლზე და აცხადებდნენ მის წინაშე: მუხლი მოიყარეთ! ასე დაუდგინა იგი განმგებელად მთელს ეგვიპტის ქვეყანას.
44უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში.
45უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი და მისცა ცოლად ასენათი, ონის (მზის ქალაქის) ქურუმის ფოტიფერაყის ასული. და გავიდა იოსები ეგვიპტის ქვეყანაში.
46ოცდაათი წლისა იყო იოსები, როცა წარუდგა ფარაონს, ეგვიპტის მეფეს. გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა მთელი ეგვიპტე.
47წარმოქმნა მიწამ ხვავრიელად შვიდ მოსავლიან წელიწადს ხორბალი.
48შეაგროვა იოსებმა შვიდი მოსავლიანი წელიწადის საზრდო, რაც კი იპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში, და ქალაქებს ჩამოურიგა; თითოეულ ქალაქს თავის გარშემო მინდვრებიდან მოწეული საზრდო დაურიგა.
49დაახვავა იოსებმა ხორბალი ზღვის ქვიშასავით, ბევრზე ბევრი, ისე რომ შეწყვიტა თვლა, რადგან აღარ იყო სათვალავი.
50მოუსავლიანი წელიწადის დადგომამდე შეეძინა იოსებს ორი ვაჟი, რომელნიც უშვა მას ასენეთმა, ონის ქურუმის, ფოტიფერაყის ასულმა.
51უწოდა იოსებმა პირმშოს სახელად მენაშე, რადგან თქვა: დამავიწყა ღმერთმა მთელი ჩემი ტანჯვა-წვალება და მამაჩემის სახლი.
52ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა: ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში.
53გასრულდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი, ეგვიპტის ქვეყანაში რომ იდგა.
54დაიწყო შვიდი მოუსავლიანი წელიწადი, როგორც ნათქვამი ჰქონდა იოსებს. იყო შიმშილი ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგვიპტის ქვეყნად იპოვებოდა პური.
55დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.
56შიმშილი იყო მთელი დედამიწის ზურგზე. გააღო იოსებმა ყველა ბეღელი და დააპურა ეგვიპტელები. შიმშილი კი გაძლიერდა ეგვიპტის ქვეყანაში.
57ყველა ქვეყანა ეგვიპტეში მოვიდა იოსებთან პურის საყიდლად, რადგან შიმშილი მძვინვარებდა მთელს ქვეყნიერებაზე.
Next