თავი - 40
Previous1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.
2განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს.
3და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.
4მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი.
6მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა, რომ დაღვრემილნი იყვნენ.
7შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე?
8უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.
9უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.
10სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი.
11ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.
12უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
13სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი.
14ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
15რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე.
16დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: მეც მესიზმრა სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
17ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, მზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.
18მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი სამი დღეა.
19სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს.
20მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
21დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს.
22ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა.
23არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა.
Next