თავი - 39
Previous1ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა, ქონდაქართუხუცესმა, ეგვიპტელმა, ისმაელიანთაგან, რომელთაც ჩაიყვანეს.
2უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
3დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი.
4ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა.
5მას შემდეგ, რაც ჩააბარა თავისი სახლი და მთელი თავისი საბადებელი, აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ.
6მიანდო მთელი თავისი საბადებელი იოსებს და, ვიდრე იოსები მასთან იყო, სმა-ჭამის გარდა სხვა საზრუნავი არაფერი ჰქონია. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.
7ამ ამბების შემდეგ იყო, თვალი დაადგა მისი ბატონის ცოლმა იოსებს და უთხრა: დაწექი ჩემთან!
8იუარა და უთხრა თავის ბატონის ცოლს: რაც მასთან ვარ, საზრუნავი არაფერი აქვს სახლში ჩემს ბატონს; მთელი თავისი საბადებელი მე ჩამაბარა.
9ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?
10ყოველდღე ელაპარაკებოდა ქალი იოსებს, მაგრამ ვერ დაიყოლია, რომ მის გვერდით დაწოლილიყო და მასთან ყოფილიყო.
11ერთ დღეს, როცა იოსები შევიდა სახლში თავი საქმეზე და სახლეულთაგან შინ არავინ იყო.
12ჩაებღაუჭა ქალი სამოსელში და უთხრა: დაწექი ჩემთან! იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა.
13როცა დაინახა ქალმა, რომ ხელში შეატოვა იოსებმა სამოსელი და გარეთ გაიქცა,
14დაუძახა თავის სახლეულებს და უთხრა: შეხედეთ, ჩვენთან საარშიყოდ მოუყვანია ეს ებრაელი კაცი; შემოვიდა, ჩემთან დაწოლა მოინდომა, მე ყვირილი მოვრთე.
15როცა ნახა, რომ ხმას ავუმაღლე და ვიყვირე, ხელში შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გავარდა.
16გვერდით დაიდო ქალმა იოსების სამოსელი და ასე იყო მისი ბატონის შინ დაბრუნებამდე.
17უამბო ქმარს ეს ამბავი, ასე უთხრა: შემოვიდა შენი მოყვანილი ებრაელი მონა ჩემთან საარშიყოდ.
18როცა ყვირილი ავტეხე, შემატოვა თავისი სამოსელი და გარეთ გაიქცა.
19როცა მოისმინა ბატონმა ცოლის ნაამბობი, ასე და ასე მომექცაო შენი მონა, განრისხდა.
20ადგა და ჩააგდო ბატონმა იოსები საპყრობილეში, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დამწყვდეული. და იყო იქ, საპყრობილეში.
21უფალი იყო იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა: მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.
22ჩააბარა საპყრობილის უფროსმა იოსებს ყველა პატიმარი, ვინც კი საპყრობილეში იყო, და მის გარეშე იქ არაფერი ხდებოდა.
23საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს.
Next