თავი - 38
Previous1ამ ხანებში გამოეყო იუდა თავის ძმებს და დაესახლა ერთი ყადულამელის მეზობლად; რომელსაც სახელად ერქვა ხირა.
2დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან:
3დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა მას სახელად ყერი.
4კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა სახელად ონანი.
5კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; და დაარქვა სახელად შელა; მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა.
6მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.
7არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.
8უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.
9იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი.
10არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.
11უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: იცხოვრე ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა, მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.
12კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.
13ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად.
14გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.
15დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა.
16გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა, მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე?
17უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა: წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე?
18უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.
19ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.
20გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი, მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.
21ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი, ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი.
22დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი.
23უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.
24გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი, შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.
25როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთილს: ვისიც ეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულად. აჰა, იცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმები და არგანი.
26იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.
27მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
28შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.
29როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.
30მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.
Next