Eleos

Contents

თავი - 37

Previous
1დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.
2აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.
3სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.
4დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.
5დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.
6უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა, გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას.
8უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.
9კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.
10უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?
11შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.
12წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად.
13უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.
14უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.
15იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა: რას ეძებ?
16უთხრა: ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ.
17უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.
18შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.
19უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.
20ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.
21გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.
22უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.
23როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.
24აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა.
25დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.
26უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
27მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა.
28ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.
29მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.
30დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა ახლა, სად წავიდე?
31აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლით კვართი.
32აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ; ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?
33იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!
34ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.
35ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.
36მიდიანელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართუხუცესს.
Next