თავი - 4
Previous1შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
2მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
3გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
5ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
6უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
7თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
8უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა.
9უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.
10უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს.
11ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან.
12დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
13უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
14აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
15უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
16გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.
18შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი.
19მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
20შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
21მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა.
22შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
23უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად.
24თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ.
25კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.
26შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.
Next