Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?
2მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
3ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
4უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.
5მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
6როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
7აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.
9დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?
10მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.
11უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?
12უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.
13უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
14უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.
15მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
16დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
17ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
18ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.
19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
20უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
23გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.
24განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
Next