თავი - 35
Previous1უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.
2უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
3ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.
4მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
5და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.
6მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხითურთ ლუზში ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის.
7ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.
8მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).
9კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.
10უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.
11უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.
12ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა.
13გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
14მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
15უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
16დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.
17როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.
18სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).
19მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.
20აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე.
21გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან.
22ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.
23ლეას ძენი იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი.
24რახელის ძენი იყვნენ: იოსები და ბენიამინი.
25ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.
26ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.
27მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.
28ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.
29აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.
Next