თავი - 34
Previous1გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად.
2დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა.
3გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას.
4უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი.
5გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე.
6გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.
9დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ.
10დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა; იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში.
11უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ.
12დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი.
13მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.
14უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.
15მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.
16ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით.
17თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.
18მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში.
20მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები; იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები.
22მხოლოდ მაშინ მოგვცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინდაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინდაცვეთილნი.
23განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ.
24დაუჯერეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინდაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა.
25მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი.
26მახვილით დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე: გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ.
27მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო.
28წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს.
29მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.
30უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.
31უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?
Next