Eleos

Contents

თავი - 33

Previous
1გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.
2წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები.
3თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას.
4სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.
5აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.
6ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი სცეს.
7ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს.
8უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
9უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.
10უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.
11მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.
12უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.
13უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.
14თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში.
15უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
16იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ.
17ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი (ქარავანი).
18მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
19შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
20აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.
Next