თავი - 32
Previous1იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები.
2თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი).
3იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ.
4დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე.
5მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში.
6მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად.
7იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად.
8და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება.
9თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო.
10ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.
11მიხსენი ესავისგან, ჩემი ძმისგან, რადგან მეშინია მისი, არ დამეცეს და დედაწულიანად არ ამომწყვიტოს.
12აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!
13იქ გაათენა ის ღამე. გამოარჩია თავისი ქონებიდან ძღვენი ესავისთვის, თავისი ძმისთვის:
14ორასი ნეზვი თხა და ოცი ვაცი, ორასი ნერბი და ოცი ვერძი.
15ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებიანად, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათი ჩოჩორი.
16ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.
17დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო.
18უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო.
19დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას.
20უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.
21ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
22ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
23აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა.
24მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
25როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
26უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
27უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.
28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
29ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.
30უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.
31ამოუბრწყინდა მზე, როგორც კი გასცდა ფენუელს; და კოჭლობდა იგი ცალი თეძოთი.
32ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელიანები მენჯის ძარღვს, თეძოს სახსარზე, რომ არის, რადგან შეეხო ის იაკობის მენჯის ძვალს, თეძოს სახსარზე.
Next