Eleos

Contents

თავი - 31

Previous
1გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.
2სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.
3უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.
4გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.
5უთხრა მათ: სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემს მიმართ, როგორიც ადრე იყო. მაგრამ მამაჩემის ღმერთი თან მახლავს მე.
6თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურისთვის.
7მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
8როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.
9წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა.
10ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.
11მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.
12მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
13მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც შენ ზეთი სცხე სვეტს, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი და გადი ამ ქვეყნიდან, დაუბრუნდი შენს სამშობლო ქვეყანას.
14მიუგეს რახელმა და ლეამ და უთხრეს: კიდევ გვიძევს რაიმე წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც შეჭამა?
16ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.
17ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე.
18წაასხა მთელი თავისი საქონელი, მთელი თავისი მონაგები, თავისი საკუთარი საქონელი, ფადან-არამში რომ მოიგო, რათა მისულიყო ისაკთან, თავის მამასთან ქანაანის ქვეყანაში.
19ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.
20იაკობმა გული მოჰპარა ლაბან არამელს, არ გაუმხილა, რომ გარბოდა მისგან.
21გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი გააჩნდა; ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
22მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.
23იახლა სახლიკაცები და სდია შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთასთან არ დაეწია.
24გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი.
25მიეწია ლაბანი იაკობს, როცა იაკობი კარავს შლიდა მთაზე. ლაბანმაც გალაადის მთაზე დასცა კარავი თავის სახლიკაცებთან ერთად.
26უთხრა ლაბანმა იაკობს: ეს რა ჰქენი? მომატყუ; და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ.
27უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.
28არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა; უგუნურად მოიქეცი.
29გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.
30ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?
31მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.
32ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენი სახლიკაცების თვალწინ დაადევი ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე. არ იცოდა იაკობმა რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.
33შევიდა ლაბანი იაკობის კარავში, ლეას კარავში ორი მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34აიღო რახელმა კერპები და აქლემის უნაგირქვეშ ამოსდო, თავადაც ზედ დაჯდა. მოჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერაფერი იპოვნა.
35უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები.
36განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნებიხარ?
37ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.
38აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.
39ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი; მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს.
40დღისით ხვატი მინელებდა, ღამით - ყინვა; ძილი არ მეკარებოდა.
41ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.
42ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.
43მიუგო ლაბანმა იაკობს და უთხრა: ეს ქალები ჩემი ასულებია, ეს ვაჟები ჩემი ვაჟებია; ეს ფარა ჩემი ფარაა; რასაც აქ ხედავ, ყველაფერი ჩემია. რა ვუყო ახლა ამათ ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?
44მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის.
45აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად.
46უთხრა იაკობმა თავის სახლიკაცებს: მოაგროვეთ ქვები. მათაც მოიტანეს ქვები და გორა დააყენეს. ჭამეს იქ, იმ გორაზე.
47უწოდა მას ლაბანმა იეგარ-საჰადუთა (გორა მოწმობისა). ხოლო იაკობმა უწოდა გალაადი (გორა მოწმობისა).
48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
49და მიცფა, რადგან თქვა: თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს თვალით ვეღარ ვნახავთო.
50თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.
51უთხრა ლაბანმა იაკობს: აჰა, ეს გორა და ეს სვეტი, რომელნიც აღვმართე ჩვენს შორის.
52მოწმე იყოს ეს გორა, მოწმე იყოს ეს სვეტი, რომ არც მე გადმოვლახავ შენსკენ ამ გორას და არც შენ გადმოლახავ ჩემსკენ ამ გორას და ამ სვეტს საბოროტოდ.
53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში.
54დაკლა იაკობმა საკლავი მთაზე და აწვია სახლიკაცები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური და მთაზე გაათიეს ღამე.
55ადგა ლაბანი დილაადრიანად, გადაკოცნა თავისი ვაჟები და ასულები და დალოცა ისინი. წავიდა ლაბანი და დაბრუნდა თავის მხარეში.
Next