თავი - 30
Previous1დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.
2განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?
3თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
4მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
5დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი.
6მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი.
7კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს მეორე ვაჟი.
8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
9დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად.
10უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი.
11თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი.
12უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი.
13თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.
14გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი შვილის მანდრაგორები.
15უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები.
16დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან, გამოეგება ლეა და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორებით, დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი.
17უსმინა ღმერთმა ლეას: დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეხუთე ვაჟი.
18თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი.
19კიდევ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი.
20თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად ვაჟს ზებულონი.
21მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა.
22გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.
23დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს.
24უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.
25როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.
26გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ გემსახურებოდი.
27უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა.
28უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
29უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი.
30რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?
31უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ცხვარს.
32დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
33ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე.
34უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს.
35ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.
36დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.
38ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე.
39ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები.
40გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.
41ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ;
42თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს - ჯანსაღი.
43გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები.
Next