Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1დაიძრა იაკობი და წავიდა კედემის ძეთა ქვეყნისაკენ.
2ხედავს, ჭა არის ველზე და ცხვრის სამი ფარა წევს მის მახლობლად, რადგან ამ ჭიდან არწყულებდნენ ფარებს. დიდი ლოდი ახურავს ჭის პირს.
3იქ იკრიბებოდა ყველა მწყემსი, გადააგორებდნენ ლოდს ჭის პირიდან და არწყულებდნენ ცხვარს. მერე ისევ დახურავდნენ ჭის პირს ამ ლოდით.
4უთხრა მათ იაკობმა: სადაურები ხართ, ძმებო? მიუგეს: ხარანელები ვართ.
5უთხრა: თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს? მიუგეს: ვიცნობთ.
6უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება.
7უთხრა: ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა; დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ.
8უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს.
9ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
10როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი.
11აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა.
12გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ, რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა.
13რომ გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს.
14უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.
15უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?
16ორი ასული ჰყავდა ლაბანს; უფროსს სახელად ლეა ერქვა, უმცროსს - რახელი.
17ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.
18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
19უთხრა ლაბანმა: მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე სხვას. იცხოვრე ჩემთან.
20მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
21უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.
22შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი.
23საღამო ჟამს მოჰკიდა ხელი ლეას, თავის ასულს, და მიუყვანა მას. იაკობიც შევიდა ქალთან.
24მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს, ლეას.
25დილა რომ გათენდა, ხედავს, ლეა არის მასთან. უთხრა ლაბანს: ეს რა მიყავი? განა რახელისთვის გემსახურებოდი? რატომ მომატყუე?
26უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე უმცროსის გათხოვება.
27ბარემ გაასრულე შვიდეული და მერე უმცროსსაც მოგცემთ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს.
28ასეც მოიქცა იაკობი: გაასრულა შვიდეული და მისცა ლაბანმა რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა მხევლად თავის ასულს, რახელს.
30შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს.
31დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას საშო. რახელი კი ბერწი იყო.
32დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: უფალმა მომხედა გაჭირვებაში, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი ქმარი.
33კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს, რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი.
34კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა სახელად ლევი.
35კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.
Next