Eleos

Contents

თავი - 28

Previous
1მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.
2ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული.
3ყოვლადძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები.
4მოგცემს აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.
5გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან-არამში, ლაბანთან, არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობისა და ესავის დედისა.
6დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან,
7და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.
8დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.
9წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.
10გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.
11მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.
12ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.
13აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.
14შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა.
15აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი.
16გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!
17შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!
18ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
19უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.
20აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,
21მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
22მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.
Next