Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა.
2უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი.
3იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4მადიანის შვილები: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან.
5მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი.
6ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში.
7აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.
9დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,
10იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა.
11აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისაკი, მისი შვილი. დასახლდა ისაკი ბერ-ლახაი-როის მახლობლად.
12ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა.
13ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და მიბსამი,
14მიშმაყი, დუმა და მასსა,
15ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა.
16ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა.
17ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს.
18სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.
19აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.
20ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.
21ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.
23უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.
24მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.
25გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი.
26მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი შობისას.
27წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.
28უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი.
30უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური).
31უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება.
32თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა პირმშოება.
33უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოება.
34მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება.
Next