Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი.
3მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მეც შენთან ვიქნები, გაკურთხებ და შენს შთამომავლობას მივცემ მთელს ამ ქვეყნებს, ავასრულებ ფიცს, რომელიც აბრაამს, მამაშენს დავუდევი,
4ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ-მეთქი შთამომავლობას და მივცემ შენს შთამომავლობას მთელს ამ ქვეყნებს, შენი შთამომავლობით იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი.
5იმის გამო, რომ დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს.
6დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში.
7გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.
8კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
9დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.
10უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.
11უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.
12დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.
13გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.
14ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
16უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.
17წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.
18ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.
19თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ იქ გამდინარე ჭას.
20ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.
21ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას სახელად სიტნა.
22გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად.
23დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ.
24გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის, მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის.
25აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.
26მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი.
27უთხრა მათ ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი შემიძულეთ და მომიშორეთ?
28უთხრეს: კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. ვთქვით: დაიდოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და შევკრათ კავშირი ერთმანეთთან,
29რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის, სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ.
30გაუმართა მათ ლხინი ისაკმა; ჭამეს და სვეს.
31ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან.
32იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს წყალი ვიპოვეთო.
33უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს სახელად ბერშება დღევანდლამდე.
34ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
35ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას.
Next