Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.
2უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
3გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
4არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
5უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?
6უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
7უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.
8თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.
9ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
12თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!
13აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.
14თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.
15ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.
16ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.
17გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.
18უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.
19შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.
20უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.
21კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.
22როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
23უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?
24უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.
25კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.
26მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.
28გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
29ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.
30როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.
31უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს.
32შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა.
33გაუშალეს სუფრა, მან კი უთხრა: არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. უთხრა ლაბანმა: თქვი.
34თქვა: აბრაამის მორჩილი ვარ მე.
35დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
36უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
37დამაფიცა ჩემმა პატრონმა, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო,
38არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.
39ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?
40მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.
41მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ; თუ არ გამოგაყოლეს, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან.
42მივედი დღეს წყაროსთან და ვთქვი: უფალო, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთო! სასიკეთოდ წარმიმართე გზა, რომელსაც ვადგივარ.
43აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან,
44ისიც მიპასუხებს, შენც დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი პატრონის შვილისთვის.
45ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
47ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე.
48მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.
49ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.
50მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
51აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.
52როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს.
53ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.
55უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.
56უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან.
57თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.
58დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი დაი, მისი ძიძითურთ, აბრაამის მორჩილი და მისი კაცები.
60დალოცეს რებეკა და უთხრეს: ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავისი მტრების ქალაქები დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ!
61ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აქლემებზე, და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა.
62ხოლო ისაკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში.
63გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
64გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.
65უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
66უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.
67შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.
Next