თავი - 23
Previous1იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი, ეს არის სარას სიცოცხლის წლები.
2მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
3მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს:
4მსხემად და მდგმურად ვარ თქვენთან; მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი.
5მიუგეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს:
6მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.
7ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.
8ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,
9მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის; თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად.
10ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა; მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ნეთელთა და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული, და უთხრა:
11არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და მღვიმეც, იქ რომ არის; ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია; დამარხე შენი მკვდარი.
12თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს.
13ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.
14მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა:
15ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი.
16დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით.
17ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის, მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ,
18ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული.
19ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად.
20დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთარ სამარხად.
Next