Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!
2უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
3ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
4მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.
6აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.
7უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?
8უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
9მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
10გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
11მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.
12უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.
13გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.
14უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.
15მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან
16და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,
17კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;
18იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.
19დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან; ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში. და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში.
20ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს: აჰა, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისათვის:
21ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, ამის ძმა, კემუელი, არამელთა მამა,
22ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბეთუელი.
23ბოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა. ეს რვანი უშვა მილქამ ნახორს, აბრაამის ძმას.
24მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებანი, გახამი, თახაში და მაყაქა.
Next