Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.
3უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5ასი წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე.
6თქვა სარამ: სასაცილო გამხადა ღმერთმა; ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა დამცინებს.
7თქვა: ვინ ეტყოდა აბრაამს, შვილებს ძუძუს მოაწოვებსო სარა? და მაინც ვშობე მისი სიბერის ძე.
8წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.
10უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.
11მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.
12უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.
13ყმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი.
14ადგა დილაადრიანად აბრაამი, აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში.
15გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას.
16წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა.
17მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.
18ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.
19აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა.
20ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა.
21დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.
22იმ ხანებში იყო, რომ უთხრეს აბრაამს აბიმელექმა და ფიქოლმა, მისმა მხედართმთავარმა: ღმერთია შენთან ყველა საქმეში, რასაც აკეთებ.
23ახლა, შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას; როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურადა ხარ.
24უთხრა აბრაამმა: გეფიცები.
25საყვედურობდა აბრაამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩილთ.
26უთხრა აბიმელექმა: არ ვიცი, ვინ ქნა ეს საქმე; შენ არაფერი გითქვამს ჩემთვის; მეც არაფერი მსმენია დღემდე.
27აიღო და მისცა აბრაამმა ცხვარ-ძროხა აბიმელექს; და შეკრეს კავშირი.
28ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან შვიდი ბატკანი.
29უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რა არის ეს შვიდი ბატკანი, ცალკე რომ გამოასხი?
30უთხრა აბრაამმა: მიიღე ჩემგან ეს შვიდი ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა.
31ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32შეკრეს კავშირი ბერშებაში; ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.
34მდგმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი.
Next