თავი - 20
Previous1გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.
2თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა.
3მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.
4აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?
5განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.
6უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.
7ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.
8ადგა დილაადრიანად აბიმელექი, დაიბარა თავისი მორჩილნი და მოუყვა მათ მთელ ამ ამბავს. მეტისმეტად შეშინდა ხალხი.
9დაიბარა აბიმელექმა აბრაამი და უთხრა: ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში მაგდებდი მეც და ჩემს სამეფოსაც? ისეთ საქმეს მიპირებდი, რაც არავისთვის უქნიათ ოდესმე.
10კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი, ამ საქმეს რომ მიპირებდი?
11უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.
12მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად,
13როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.
14აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
15უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე.
16სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!
17ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.
18რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.
Next