თავი - 19
Previous1შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა.
2უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.
3არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს.
4ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან.
5დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.
6გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.
7უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!
8აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
9უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
10გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
11იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.
12უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,
13რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.
14გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.
15განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.
16ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს.
17როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები.
18უთხრა ლოტმა: არა, უფალო.
19აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო.
20აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები.
21უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი.
23მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს.
24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
25დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი.
26უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.
27წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე.
28გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი.
29როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.
30აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.
31უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.
32მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
33შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
35შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
36დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.
37შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.
38უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე.
Next