Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.
2უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.
3კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.
4კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.
5გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
6ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.
7უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.
8უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?
9უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი.
10აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს.
11დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა.
12მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
13უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს.
14იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
15შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
16მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.
17მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე, და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის.
18ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
19ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა,
20ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
21ამოთეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსეველთა.
Next