თავი - 14
Previous1მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ,
2ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს.
3ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
4თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ.
5მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში.
6და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს.
7უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
8გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის ველზე
9ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
10სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.
11ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
12ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ.
13მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
14როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.
15გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის.
16დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც.
17მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება.
18სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
19აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!
20კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.
21უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.
22უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,
23თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
24გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.
Next