Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის, მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.
2უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი.
3ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე.
4შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.
5მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.
6უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.
7ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.
8უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.
9უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
10უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
11უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.
12კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.
13ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა?
14ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს იგი.
15უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.
16ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს.
Next