თავი - 1
Previous1იუდა, იესო ქრისტეს მონა და ძმა იაკობისა — თქვენ, მამა ღმერთის მიერ განწმედილ და იესო ქრისტეს მიერ დაცულ რჩეულებს:
2წყალობა თქვენთან და მშვიდობა და სიყვარული გამრავლდეს.
3საყვარელნო, მთელი გულმოდგინება გამოვიჩინე, მომეწერა თქვენთვის ზოგადად ხსნის შესახებ; საჭიროდ მივიჩნიე, მომეწერა თქვენთვის და გევედრებით, რომ წმიდათათვის ერთხელ გადმოცემული სარწმუნოებისათვის იღვაწოთ,
4რადგან შემოგვეპარნენ ვიღაც კაცები, რომლებიც ძველთაგანვე განჩინებულნი იყვნენ ამ სასჯელისთვის, უღვთონი, რომლებიც ჩვენი ღმერთის მადლს გადააქცევენ გარყვნილებად და ჩვენს ერთადერთ მეუფესა და უფალს, იესო ქრისტეს, უარყოფენ.
5მინდა, შეგახსენოთ თქვენ, რომლებმაც იცით ეს ყველაფერი, რომ უფალმა ერთხელ ეს ერი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიხსნა, ხოლო შემდეგ ურწმუნონი ამოწყვიტა,
6ანგელოზები კი, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავისი პირველსახე, არამედ დატოვეს საკუთარი სამკვიდრებელი, მარადიული საკვრელებით დაიცვა წყვდიადის ქვეშ დიდი დღის სამსჯავროსათვის,
7როგორც სოდომი და გომორა და მათ გარშემო ქალაქები, რომლებიც მათ მსგავსად მრუშობდნენ და მისდევდნენ განსხვავებულ ხორციელ ვნებებს, და წარმოადგენენ იმათ მაგალითს, რომლებიც საუკუნო ცეცხლის სასჯელს იღებენ.
8მსგავსადვე ესენიც, რომლებიც სიზმრებში არიან, ხორცს იბილწავენ, უფლებას უგულებელყოფენ და დიდებათა გმობენ.
9ხოლო მიქაელ მთავარანგელოზმა, მსჯელობდა რა ეშმაკთან და ედავებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა მსჯავრის დადება გმობისთვის, არამედ უთხრა: შეგრისხოს შენ უფალმა.
10ხოლო ესენი, რაც არ იციან, გმობენ, ხოლო რაც ბუნებით, როგორც პირუტყვებმა, იციან, იმით იხრწნებიან.
11ვაი მათ, რადგან კაინის გზით წავიდნენ და ბალაამივით საზღაურის საცდურს აჰყვნენ და კორესავით წინააღმდეგობის გამო დაიღუპნენ.
12ესენი, რომლებიც თქვენს სიყვარულის სერობებზე მაცდუნებელნი არიან, თქვენთან ერთად ილხენენ და ღვთის შიშის გარეშე თვითონ მწყემსავენ საკუთარ თავს, არიან უწყლო ღრუბლები, ქარისგან მიმოტაცებულნი, გვიანი შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის მომკვდარნი, ძირიანად აღმოფხვრილნი,
13ზღვის მძვინვარე ტალღები, რომლებიც საკუთარ სისაძაგლეს აქაფებენ, ცდომილი ვარსკვლავები, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადი საუკუნოდ არის დაცული.
14და იწინასწარმეტყველა მათთვისაც ადამიდან მეშვიდემ, ენოქმა, და თქვა: აჰა, მოვიდა უფალი თავისი ათი ათასობით წმიდანით,
15რათა აღასრულოს მსჯავრი ყველასთვის და ამხილოს მათგან ყოველი უღვთო ყველა მათი უღვთო საქმის გამო, რომლითაც უსჯულოებდნენ, და ყოველი ულმობელი სიტყვის გამო, რომელსაც ამბობდნენ მის წინააღმდეგ ცოდვილი უღვთოები.
16ესენი არიან მდრტვინავნი, უკმაყოფილონი, საკუთარ გულისითქმებს აყოლილნი; და მათი პირი მედიდურად მეტყველებს და პირმოთნეობენ ანგარების გამო.
17ხოლო თქვენ, საყვარელნო, გაიხსენეთ სიტყვები, წინასწარ თქმული ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მოციქულთა მიერ,
18რადგან გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს იქნებიან დამცინავნი, საკუთარი უღვთო გულისთქმებისამებრ მავალნი.
19ესენი არიან განდგომილნი, მშვინვიერნი, რომელთაც სული არ გააჩნიათ.
20ხოლო თქვენ, საყვარელნო, თქვენი უწმიდესი რწმენით სულიწმიდით მლოცველებმა აღზარდეთ საკუთარი თავი.
21თქვენი თავი ღვთის სიყვარულით დაიცავით და ელოდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, წყალობას საუკუნო ცხოვრებისათვის.
22ზოგ დაეჭვებულს სწყალობდეთ,
23ხოლო ზოგი შიშით იხსენით ცეცხლიდან გამოტაცებისას და გძულდეთ ხორცისგან შეგინებული სამოსიც კი.
24ხოლო იმას, ვისაც ძალუძს, დაგიცვათ თქვენ დაცემისგან და უმანკონი სიხარულში დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,
25ერთადერთ ბრძენ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მიერ დიდება და დიდებულება, ძალა და ხელმწიფება უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.