თავი - 5
Previous1და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?
3ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა.
4და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
5მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.
6გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი.
7მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი.
8და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.
9გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
10რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.
11ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;
12რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
13და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.
14ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
Next