Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.
2მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
3მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი.
4ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი.
5ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული.
6ტახტის წინ თითქოს მინის ზღვა იყო, მსგავსი ბროლისა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ კი - ოთხი ცხოველი, წინიდანაც და უკნიდანაც თვლებით სავსენი.
7პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი.
8ამ ოთხი ცხოველიდან თვითეულს ექვსი ფრთა ესხა, შიგნიდან თვლებით სავსენი. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა.
9და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე,
10ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ:
11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
Next