Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.
2ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი.
3მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ.
4თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული.
5მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.
6მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.
7ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.
8ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
9ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა.
10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
11ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან.
12ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე:
13ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი.
14მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.
15ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.
16მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.
17ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა.
18ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს:
19ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი.
20მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.
21მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული.
22აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს.
23სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს.
24ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს,
25მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე.
26ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას;
27რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან.
28და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
29ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
Next