Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,
2რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა.
3ნეტარია, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და იმარხავს მასში დაწერილს, რადგანაც ახლოა ჟამი.
4იოანე ასიის შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენდა და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და იქნება, და შვიდი სულისაგან, რომელნიც არიან მისი ტახტის წინაშე,
5და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
6ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ.
8მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.
9მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.
10ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
11რომელმაც თქვა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი. რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე ასიის ეკლესიებს - ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში.
12მე მივბრუნდი, რომ მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი,
13ხოლო შვიდ სასანთლეს შორის - მსგავსება კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი მოსასხამი და მკერდს ერტყა ოქროს სარტყელი;
14თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა.
15ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა.
16მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.
17ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი;
18აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.
19მაშ, დაწერე, რაც იხილე რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20საიდუმლო შვიდი ვარსკვლავისა, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი სასანთლისა ოქროსი: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე ეკლესიაა შვიდი.
Next