თავი - 13
Previous1ძმური სიყვარული ეგოს.
2სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია.
3გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.
4ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.
5ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
6ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“
7გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
8იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
9ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.
10ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
12ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
13მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
14რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.
15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
16ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
17დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ.
18ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.
19უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ.
20ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
21დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
22გთხოვთ, ძმანო, შეიწყნაროთ ეს სიტყვა შეგონებისა, თუმცაღა მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
23იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, ერთად გეწვევით.
24მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელნი.
25მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
Next