თავი - 12
Previous1ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
3იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
4ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.
5და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
6რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
7თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.
11ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.
12მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.
13მოასწორეთ ბილიკნი თქვენს ფეხთათვის, რათა გზას კი არ გადასცდეს კოჭლი, არამედ განიკურნოს.
14თქვენი ურთიერთობა ყველასთან მშვიდი იყოს და წმიდა, რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს.
15ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.
16რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.
17რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
18რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,
19არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.
20რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.
21იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა, რომ მოსემაც თქვა: „ვძრწი და ვკანკალებ“.
22არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,
23მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,
24ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და სხურების სისხლს, აბელის სისხლზე უკეთ რომ მეტყველებს.
25ფრთხილად იყავით, ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან თუ მათ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მეტყველი, თავი ვერ დააღწიეს სასჯელს, ჩვენ როგორღა დავაღწევთ თავს, თუკი უარვყოფთ ზეცით მეტყველს?
26ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“.
27ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი.
28ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით.
29რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.
Next