თავი - 1
Previous1ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით,
2ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,
3რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,
4ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი.
5ვინაიდან რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“; ანდა: „მე ვიქნები მისი მამა, და ის იქნება ჩემი ძე“.
6ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“.
7ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „რომელიც ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ - ალად ცეცხლისა“.
8ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“.
9„შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“.
10და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
11ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
12სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
13რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“?
14განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
Next