Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.
2ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ.
3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
4ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა,
5მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
6რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,
7რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
8სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.
9ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო.
10მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე.
11იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი.
12როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება.
13ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ.
14ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი.
15მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
Next