თავი - 4
Previous1ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც,
2იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით,
3რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას,
4ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან.
5მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება.
6რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი.
7კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,
8ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.
9ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან.
10რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან.
11მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება.
12ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე.
13როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი.
14ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი.
15შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს.
16ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.
17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
18უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
19მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი.
20ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში.
21ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი.
22უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
Next