Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.
2რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,
3კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,
4გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,
5მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.
6სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;
7ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
8როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
9მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
10შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,
11დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
12ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
13უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
14შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.
15თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
16მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,
17რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
Next