თავი - 14
Previous1ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.
2წლის ყრით ერგოთ საზღვრები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს პირით, ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
3რადგან ორ შტოსა და ნახევარ შტოს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანთათვის არ მიუცია სამკვიდრო ამათ შორის.
4ეს იმიტომ, რომ იოსების სახლიდან ორი შტო იყო გამოსული: მენაშე და ეფრემი. არ მიუციათ ლევიანებისთვის წილი მიწაზე, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი საქონლისა და სხვა სარჩო-საბადებლისთვის.
5როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ისე მოიქცნენ ისრაელიანები: დაინაწილეს ქვეყანა.
6მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.
7ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ-ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მივუტანე ამბავი.
8ჩემმა ძმებმა, ჩემთან რომ იყვნენ წამოსულნი, გული გაუტეხეს ხალხს, მე კი ბოლომდე ვუერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.
9ასე დაიფიცა იმ დღეს მოსემ: შენი და შენი შვილების სამკვიდრო იყოს ის მიწა, სადაც შენ ფეხი დაგიდგამს, რადგან ბოლომდე უერთგულე უფალს, ჩემს ღმერთს.
10აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.
11ჯერაც ისეთივე მაგარი ვარ, როგორც მაშინ, მოსე რომ მაგზავნიდა. რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საბრძოლველად და მისასვლელ-მოსასვლელად.
12ახლა მომეცი ის მთა, რომელზეც უფალი ლაპარაკობდა იმ დღეს, რადგან შენ გაგებული გქონდა იმ დღეს, რომ ყანაკები იყვნენ იქ და დიდი ციხე-ქალაქები ეჭირათ. იქნებ უფალი შემეწიოს და ავყარო ისინი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
13აკურთხა ქალებ იეფუნეს ძე იესომ და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.
14ამიტომ არის ქალებ იეფუნეს ძის, კენიზელის სამკვდრო ხებრონი დღევანდლამდე, რადგან ბოლომდე უერთგულა მან უფალს, ისრაელის ღმერთს.
15უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; დიდი კაცი იყო იგი ყანაკებში. დაისვენა ქვეყანამ ბრძოლებისგან.
Next