თავი - 3
Previous1ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,
2და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის;
3რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.
4რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა.
5ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა.
6მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ - თქვენი;
7ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით.
8რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
9რა მადლი შეგვიძლია შევწიროთ ღვერთს თქვენი გულისთვის, იმ სიხარულის სანაცვლოდ, რომლითაც ვხარობთ ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი მეოხებით?
10დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება.
11თვით ჩვენმა მამა ღმერთმა და უფალმა ჩვენმა იესომ წარმართონ ჩვენი გზა თქვენსკენ.
12თქვენ კი უფალმა აგავსოთ სიყვარულით ერთურთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენი სიყვარულით სავსენი,
13რათა სიწმიდითა და უბიწოებით განვამტკიცოთ თქვენი გულები ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, როდესაც მოვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის ყველა წმიდასთან ერთად. ამინ.
Next