Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1თქვენ თვითონ იცით, ძმანო, რომ ჩვენი შემოსვლა თქვენთან არ იყო ფუჭი.
2არამედ მანამდე ფილიპეში ვნებულნი და შეგინებულნი, როგორც მოგეხსენებათ, ისე გავკადნიერდით, რომ ჩვენი ღმერთის მიერ სახარება გვექადაგა თქვენთვის მრავალი ღვაწლით.
3რადგანაც ჩვენს შეგონებაში არც ცთომაა, არც ცბიერება და უწმინდურება.
4არამედ, როგორც გამოვუცდივართ ღმერთს, რათა მოგვნდობოდა სახარება, ისევე ვქადაგებთ, კაცთა საამებლად კი არა, არამედ ღვთისა, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს.
5ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე.
6არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.
7თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.
8ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
9ხომ გახსოვთ, ძმანო, ჩვენი შრომა და რუდუნება: დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ არ შეგვეწუხებინეთ, და ასე გიქადაგებდით ღვთის სახარებას.
10თქვენთან ერთად, ღმერთია მოწმე, თუ რა წმინდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, რომელთაც გწამთ,
11ვინაიდან თვითონვე იცით, რომ, როგორც მამა - შვილებს, ისე შევაგონებდით თვითეულ თქვენგანს,
12განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, რომელმაც თავისი სასუფევლისა და დიდებისათვის გიხმოთ.
13ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.
14რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთის ეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე დაითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ - იუდეველთაგან,
15რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არას დაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.
16ვინაიდან გვიკრძალავენ ვუქადაგოთ წარმართთ და, ამრიგად, ვიხსნათ ისინი. ასე რომ, გამუდმებით ავსებენ თავიანთ ცოდვათა საწყაულს, რისთვისაც უკვე თავს ატყდებათ რისხვა.
17ხოლო ჩვენ, ძმანო, თვალით და არა გულით ერთხანს თქვენგან განშორებულნი, მით უფრო მეტად ვესწრაფვით თქვენს პირისპირ ხილვას.
18ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე - პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.
19ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?
20რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
Next