Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.
2ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
3შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.
4მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ.
5თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი.
6ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს.
7და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში.
8და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
9რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.
10დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ.
11იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს.
12გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც.
13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
14მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი.
15თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან.
16თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა.
17იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად.
18ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის.
19ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.
20ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
21მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები.
22მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი.
23ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ.
Next