თავი - 3
Previous1სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის, თქვენთვის კი სიმხნევეა.
2ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას,
3რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.
4თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს:
5მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,
6შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,
7მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს გულისთვის;
8და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,
9და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
10რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს
11და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი, იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო.
13არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი;
14დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში.
15ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც.
16ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ.
17მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში.
18რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები,
19რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი - სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ.
20ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
21რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.
Next