Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
2აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან.
3კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს.
4ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს.
5ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.
6რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.
7მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას?
8ეს შეგონება მისეული როდია, ვინც გიხმობთ.
9მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს.
11რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა.
12ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი.
13ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
15მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი.
16ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
17რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
18თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
19ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,
20კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,
21სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
22ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
Next